ორგანიზაციაt

The Sun

„სანი“ - ტაბლოიდი, გაზეთი, რომელიც დიდ ბრიტანეთში გამოიცემა. გამოიცემა, აგრეთვე, გაზეთის რეგიონალური ვერსიებიც - „სკოტიშ სანი“ (The Scottish Sun) შოტლანდიაში, გლაზგოში; და „აირიშ სანი“ ირლანდიაში, დუბლინში. გაზეთს „ნიუს გრუპ ნიუსფეიფერზი“ (News Group Newspapers) გამოსცემს, რომელიც „ნიუს ინტერნეიშენელის“ (News International) შემადგენლობაში შედის; ეს უკანასკნელი კი, თავის მხრივ, რუპერტ მერდოკის „ნიუს კორპორეიშენის“ (News International) მფლობელობაშია.

„სანს“ მსოფლიოს ყველაზე მაღალტირაჟიან გაზეთებს შორის მეათე ადგილი უკავია, ხოლო დიდ ბრიტანეთში პირველ ადგილზეა ყოველდღიურ გაზეთებს შორის. მისი საშუალო ყოველდღიური ტირაჟი 2012 წლის სექტემბერში 2,656,271 ეგზემპლარს შეადგენდა.

„სანის“ პირველი ნომერი 1964 წლის 15 სექტემბერს გამოიცა. მაშინ ის „ინტერნეიშენელ ფაბლიშინგ კორპორეიშენს“ (International Publishing Corporation), იგივე IPC-ს ეკუთვნოდა. მაგრამ „სანმა“ IPC-ის მოლოდინი ვერ გაამართლა, ტირაჟმა დაცემა იწყო და საბოლოოდ გაზეთი რუპერტ მერდოკმა შეისყიდა.

ტაბლოიდის სახით „სანი“ პირველად 1969 წლის ნოემბერში გამოიცა.

რაც შეეხება გაზეთის პოლიტიკურ პლატფორმას, დღეს ის კონსერვატორულია. 2010 წლის 6 მაისს, არჩევნების დღეს, „სანმა“ მკითხველებს მოუწოდა, ხმა კონსერვატიული პარტიის კანდიდატის, დევიდ კამერუნის „თანამედროვე და პოზიტიური“ ხედვისთვის მიეცათ, რათა ქვეყანა იმ უბედურებისგან გადაერჩინათ, რომელიც დიდი ბრიტანეთისთვის პრემიერ-მინისტრის პოსტზე ლეიბორისტი კანდიდატის არჩევას შეეძლო მოეტანა.

1979 წლის არჩევნებშიც „სანი“ მარგარეტ ტეტჩერს უჭერდა მხარს. განსაკუთრებით განმტკიცდა „სანის“ მხარდაჭერა ტეტჩერისა და კონსერვატორებისადმი ფოლკლენდის ომის დროს.

„სანი“ თავისი არსებობის მანძილზე არაერთხელ გამხდარა სკანდალის მიზეზი. ამ შემთხვევათაგან გახმაურებულია „სანის“ პუბლიკაციები ჰილსბურგის საფეხბურთო სტადიონის ტრაგედიაზე (1989 წელს საფეხბურთო გუნდების „ლივერპულისა“ და „ნოტინგემ ფორესტის“ გულშემატკივრების შეტაკება შეფილდში 96 ადამიანის სიკვდილით დასრულდა), ყალბი ბრალდებები ელტონ ჯონის წინააღმდეგ... გაზეთს აგრეთვე ფსიქიკური სნეულების მქონე ადამიანებისა და ჰომოსექსუალიზმისადმი დამოკიდებულების გამოც აკრიტიკებენ.

კერძოდ, ჰილსბურგის ტრაგედიის შემდეგ „სანმა“ პირველ გვერდზე გამოაქვეყნა სტატია სათაურით „სიმართლე“, სადაც ის ამტკიცებდა, რომ მაყურებლები შეტაკებაში დაღუპულებს ჯიბეებს უცარიელებდნენ, სასწრაფო დახმარების პერსონალს ხელს უშლიდნენ და პოლიციელებს თავს ესხმოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მოვლენები ტელეკამერებისა და უამრავი რეპორტიორის თვალწინ მოხდა, სტატიის ავტორი, კელვინ მაკკენზი, ანონიმურ წყაროებს ეყრდნობოდა. მოგვიანებით გაზეთმა ჰილსბურგის ტრაგედიისადმი მიძღვნილი პუბლიკაცია „გაზეთის ისტორიაში ყველაზე საზარელ შეცდომად“ აღიარა. ჰილსბურგის ინციდენტის გამოძიება დიდხანს გაგრძელდა და საბოლოო ანგარიში 2012 წელს გამოქვეყნდა. აი, რას წერდა ამის შესახებ „სანი“:

„ჩვენ ძალიან ვწუხვართ ყალბი რეპორტაჟის გამო. 23 წლის წინ „სანმა“ საზარელი შეცდომა დაუშვა. ჩვენ გამოვაქვეყნეთ არასწორი და შეურაცხმყოფელი ისტორია ჰილსბურგის სტადიონზე მომხდარი ინციდენტის შესახებ. ჩვენ ვამტკიცებდით, რომ ეს სიმართლე იყო, მაგრამ ჰილსბურგის დამოუკიდებელმა კომისიამ დაადგინა, რა მოხდა იმ დღეს რეალურად. ეს საშინელი ისტორიაა და ბრალი პოლიციას მიუძღვის, რადგან მან სცადა, ლივერპულის ფანებისთვის ლაქა მოეცხო“.

ბოდიში მოიხადა სტატიის ავტორმაც. თუმცა ტრევორ ჰიკსმა, ჰილსბურგის მხარდამჭერი ჯგუფის თავმჯდომარემ, ეს ბოდიში არ მიიღო და პასუხად განაცხადა, რომ: „ბოდიშმა ძალიან დააგვიანა“.

thesun.co.uk

კომენტარები: