ორგანიზაციაt

The Washington Times

”ვაშინგტონ ტაიმსი” ყოველდღიური, მრავალპროფილიანი, ფართოფორმატიანი გაზეთია, რომელიც აშშ-ს დედაქალაქში 1982 წლიდან გამოიცემა . ის ერთ-ერთი იმ გაზეთთაგანია, რომელსაც აშშ-ში ყველაზე ხშირად ციტირებენ. მან პოპულარობა ხმამაღალი საგამოძიებო რეპორტაჟებითა და პოლიტიკური მოვლენების გაშუქებით მოიპოვა.

”ვაშინგტონ ტაიმსი” საერთაშორისო მედიაკონგლომერატმა, ”ნიუს ვორლდ კომუნიკეიშენმა” დააფუძნა, რომელიც „გაერთიანების ეკლესიასთან“ (Unification Church) იყო ასოცირებული. ეს კონგლომერატი გაზეთებს ჩრდილო–კორეაში, იაპონიასა და სამხრეთ ამერიკაში უშვებდა. ბორდის თავმჯდომარე და დამფუძნებელი პრეზიდენტი ბო ჰი პაკი (Bo Hi Pak), სან მიონგ მუნის (Sun Myung Moon), „გაერთიანების ეკლესიის“ დამაარსებლის, მთავარი თანაშემწე იყო. მუნის თხოვნით, ბორდის დირექტორის თანამდებობა რიჩარდ რუბინშტეინმა, რაბინმა და კოლეჯის პროფესორმა დაიკავა, რომელიც ჰოლოკოსტზე წერდა სტატიებს.

”ვაშინგტონ ტაიმსის” გამოცემა იმ წელს დაიწყო, როდესაც იმჟამინდელმა ე. წ. ”მეორე მთავარმა” ვაშინგტონურმა გაზეთმა, ”ვაშინგტონ სტარმა” (რომელიც 100 წლის განმავლობაში გამოიცემოდა) მუშაობა შეწყვიტა და დედაქალაქს მხოლოდ ერთი მთავარი გაზეთი, ”ვაშინგტონ პოსტი” დარჩა. ”ვაშინგტონ ტაიმსში” ”სტარის” ბევრმა თანამშრომელმა გადმოინაცვლა. გამოცემის მომენტისათვის ”ვაშინგტონ ტაიმსს” სხვა ფარტოფორმატიანი ამერიკული გაზეთებისგან გამოარჩევდა ის, რომ მისი პირველი გვერდი მთლიანად ფერადი იყო; ასევე ფერადი იყო ყველა მისი განყოფილების პირველი გვერდი და ფერადი ელემენტები წარმოდგენილი იყო მის თითქმის ყველა სექციაში.

”ტაიმსს” თავისი პრეზიდენტობის დროს ყოველდღე კითხულობდა რონალდ რეიგანი. 1997 წელს მას განუცხადებია:

”ამერიკელმა ხალხმა იცის სიმართლე. ამ სიმართლეს მას თქვენ ეუბნებით, ჩემო მეგობრებო ”ვაშინგტონ ტაიმსიდან”. ეს ყოველთვის პოპულარული ამბები როდია, მაგრამ თქვენი ხმა ხმამაღალია და ძლევამოსილი. თქვენც ჩემსავით ვაშინგტონში აღმოჩნდით მაშინ, როდესაც აქ საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვანი ათწლეული იწყებოდა. ჩვენ ერთად ავიკაპიწეთ სახელოები, მუშაობას შევუდექით და გავიმარჯვეთ კიდეც ”ცივ ომში”.

”ტაიმსის” ტირაჟი ყოველთვის მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა ”ვაშინგტონ პოსტისას”.

”ვაშინგტონ ტაიმსს” კონსერვატიულ გაზეთად მიიჩნევენ. ”ვაშინგტონ პოსტი“ წერდა: ”ვაშინგტონ ტაიმსი” მუნმა კომუნიზმის დასამარცხებლად დააფუძნა; რათა შეექმნა კონსერვატიული ალტერნატივა იმისთვის, რასაც თავად ”ვაშინგტონ პოსტი” ლიბერალურ მიდრეკილებად მიიჩნევდა”.

washingtontimes.com

კომენტარები: