თეზაურუსიt

Toronto School

ტორონტოს სკოლა. კანადელმა მეცნიერმა ჰ. მ. ინისმა, რომელიც განათლებითა და საქმიანობით ეკონომიკის ისტორიის მკვლევარი იყო, დააარსა "ტორონტოს სკოლა", ინტერდისციპლინური კვლევითი ინსტიტუცია. სკოლის მიზანი იყო მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდის მედიის ბუნების, მედიატექნოლოგიებსა და საზოგადოებას შორის ურთიერთკავშირის შესახებ ახლებური, თანამედროვე ხედვის ჩამოყალიბება და განვითარება. "ტორონტოს სკოლამ" ორი მაორგანიზებელი პრინციპი გამოჰყო ამ მიმართულებით. პირველი: კომუნიკაციის სფეროში, როგორც ეკონომიკის სფეროში, დროთა განმავლობაში ხდება ერთი კლასის ან ჯგუფის მიერ წარმოების საშუალებებისა და ცოდნის გავრცელების მონოპოლიზაცია, რასაც შედეგად წონასწორობის დარღვევა მოსდევს. ამ პროცესით გამოწვეული დისბალანსის აღდგენა ხდება სხვადასხვა საკომუნიკაციო ფორმებს შორის კონკურენციის გაჩაღებით, რაც ახალი ტექნოლოგიების შექმნა–დაწინაურებით სრულდება. სწორედ ეს ტექნოლოგიური ცვლილებები განაპირობებენ სოციალური ძალაუფლების ძველი საძირკვლების მოშლას. მეორე პრინციპი სახელმწიფოს/საზოგადოების ტიპის დროით და სივრცით განზომილებებს უკავშირდება. თითოეული სახელმწიფოსთვის/იმპერიისთვის ისინი სხვადასხვა მნიშვნელობას იძენენ. ამ პრიორიტეტებიდან გამომდინარე დომინანტური სწორედ ის საკომუნიკაციო ტექნოლოგია/ფორმა ხდება, რომლის დროითი და სივრცითი განზომილებები უკეთ ერგება და შეესაბამება სახელმწიფოს ინტერესს. ტორონტოს სკოლა 1950–იან წლებში დაფუძნდა. მისი ყველაზე თვალსაჩინო, საქვეყნოდ ცნობილი წარმომადგენლები არიან: ჰ.მ. ინისი და მარშალ მაკლიუენი.

კომენტარები: