ორგანიზაციაt

Twitter

„ტვიტერი“ – სოციალური ონლაინქსელი და მიკრობლოგინგის (მცირე მოცულობის ბლოგების) საიტი, რომელიც მომხმარებელს ტექსტური მესიჯების გამოქვეყნების საშუალებას აძლევს. ამ მესიჯებს „ტვიტს“ (ინგლ. „ჟღურტული“, „ჭიკჭიკი“) უწოდებენ. თითოეული ტვიტი მაქსიმუმ 140 სიმბოლოს მოიცავს.

საიტი 2006 წელს შექმნა ჯეკ დორსიმ (Jack Dorsey). ქსელმა მალევე მოიპოვა პოპულარობა, 2012 წლისათვის „ტვიტერზე“ დარეგისტრირებულ მომხმარებელთა რაოდენობამ 500 მილიონს მიაღწია. მასზე დღეში 340 მილიონზე მეტი შეტყობინება ქვეყნდება.

„ტვიტერი“ სან-ფრანცისკოში შეიქმნა, მაგრამ მას მსოფლიოს ყველა ქვეყანაში იყენებენ. სერვისი 20 ენაზე არის ხელმისაწვდომი და ეს რიცხვი თანდათან მატულობს.

კომპანია „ტვიტერ ინკორპორეიტედი“ (Twitter Inc) სან-ფრანცისკოში მდებარეობს. კომპანიას დამატებითი ოფისები და სერვერები აქვს ნიუ-იორკში, ბოსტონსა და სან-ანტონიოში.

„ტვიტერი“ თავის ფუნქციას ასე აღწერს: „ყველაზე სწრაფი და ადვილი გზა იმისთვის, რომ ახლოს იყოთ იმასთან, რაც გაღელვებთ, რაზეც ზრუნავთ“.

„ტვიტერი“, ვკითხულობთ ქსელის ავტორთა წერილს, „რეალურ დროში მოქმედი საინფორმაციო ქსელია, რომელიც უახლეს იდეებთან, მოვლენებთან, მოსაზრებებთან გაკავშირებთ. უბრალოდ მოძებნეთ თქვენთვის ყველაზე საინტერესო გვერდი და მისდიეთ საუბარს“.

„ტვიტერს“ აქვს აპლიკაციები „აიფონისთვის“ ( iPhone), „აიპადისთვის“ (iPad), “ანდროიდისთვის” (Android), „ვინდოუს ფონისთვის“ (Windows Phone), „ბლექბერისთვის” (BlackBerry), ნოკია S40-ისათვის... არსებობს ვერსია მობილური ხელსაწყოების ვებსაიტისა და SMS/MMS–სერვისებისთვის.

„ტვიტერი“ ბიზნესმენებს მომხმარებელთან აკავშირებს; საშუალებას აძლევს მათ, მომხმარებელს პროდუქტები და მომსახურება შესთავაზოს; ბაზარზე საჭირო ინფორმაცია მოიძიოს; პარტნიორებსა და კლიენტებთან უკუკავშირი დაამყაროს.

„ტვიტერი“ მხარს უჭერს პოზიტიურ ინიციატივებს. მისი მმართველი გუნდი აცხადებს, რომ მათი მიზანია, მსოფლიო ადამიანისთვის უკეთეს ადგილად აქციოს.

საყოველთაოდაა ცნობილი „ტვიტერის“ ლოგო - ჩიტი.

twitter.com

კომენტარები: