ტერმინებიv

Violence on TV: Codes of Practice

ძალადობა ტელეკრანზე: პრაქტიკის კოდექსი. მსოფლიოს წამყვანი სამაუწყებლო კომპანიები უდიდესი სიფრთხილით ეკიდებიან ეკრანზე, მათ შორის, საინფორმაციო გამოშვებების ფორმატში, ნაჩვენები ძალადობის რაოდენობასა და თვისობრივ მახასიათებლებს. ამ მხრივ განსაკუთრებით შთამბეჭდავი ტრადიციები დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივ სამაუწყებლო კორპორაციებს და საზოგადოებრივ მაუწყებლობასთან დაკავშირებულ მარეგულირებელ ინსტიტუციებს გააჩნიათ. 1980 წელს BBC-მ (British Broadcastiong Corporation) და IBA-მ (Independent Broadcasting Authority) გამოსცეს სახელმძღვანელო წესების კრებული: The Portrayal of Violence on Television: BBC and IBA Guidelines, რომელშიც ჩამოყალიბებული იყო ინსტრუქციები საინფორმაციო გამოშვებების პროდიუსერებისთვის. კერძოდ: 1) მათ უნდა ჰკითხონ საკუთარ თავს, არსებითია თუ არა ძალადობა ამ კონკრეტული ამბისთვის? 2) თუ არსებითია, რამდენად არის აუცილებელი ძალადობის დეტალები ამბის სიცხადისა და მკაფიობისთვის? 3) არის თუ არა ძალადობის აქტი იმგვარად წარმოჩენილი, რომ მან სახიფათო იმიტაციისკენ უბიძგოს ახალგაზდრებს ან მგრძნობელობადაქვეითებულ ადამიანებს? 4) ხომ არ არის ძალადობა გამოყენებული შფოთის დასანერგად და ყურადღების მისაპყრობად?

ბრიტანეთის სამაუწყებლო სივრცის მარეგულირებელი ორგანოს Independent Television Commission-ის (ITC) კოდექსის განმარტებით, „ძალადობა არ არის მხოლოდ ფიზიკური: ის შეიძლება იყოს სიტყვიერი (ვერბალური), ფსიქოლოგიური, მეტაფიზიკური და ზებუნებრივიც კი. ზემოთ ჩამოთვლილი ნებისმიერი ფორმით წარმოჩენილი ძალადობის ჩართვა ახალ ამბებში გამართლებული უნდა იყოს იმ სიუჟეტური თუ ინფორმაციული კონტექსტით, რომელშიც ხდება მისი ჩვენება; ასევე ძალადობის წარმოჩენის უნარით, მასში წვდომითა და სენსიტიურობით“.

კომენტარები: