ტერმინებიv

Violence on TV: Defence

ძალადობა ტელეეკრანზე: თავდაცვა. ჯერჯერობით მედიის მკვლევრები ზუსტად და კონკრეტულად ვერ შეთანხმებულან, რა არის, რას უჩვენებს, რას გამოხატავს ძალადობა ტელეეკრანზე. მსჯელობენ ეკრანული ძალადობის ფარგლებსა და რაოდენობაზე, ანუ იმ შემთხვევებზე, როცა რაოდენობრივი ნიშანი ან მახასიათებელი თვისობრივად იქცევა. შესაძლოა, ამგვარი დებატებისას სრულიად მართლზომიერად წამოიჭრას შეკითხვა: არის თუ არა სპორტული ორთაბრძოლების ან ნადირობის სცენების ჩვენება ეკრანზე ძალადობის პოპულარიზაცია? თუმცა, მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, მაინც არსებობს შეთანხმება იმის შესახებ, რომ სიმულირებულ, ეკრანზე დადგმულ ძალადობას შეუძლია ორგვარი გავლენა იქონიოს მიმღებ აუდიტორიაზე - ერთი მხრივ, აუდიტორიის წევრების გარკვეულ ნაწილს უბიძგოს, ეკრანზე ნანახი რეალურ ცხოვრებაში განახორციელოს, ხოლო მეორე მხრივ, ეკრანულმა ძალადობამ მოაჩლუნგოს ადამიანების მგრძნობელობა რეალური ძალადობის მიმართ. ამერიკელმა მედიის სოციოლოგმა ჯიბ ფაულესმა (1999) ეჭვქვეშ დააყენა ამ მოსაზრებების ჭეშმარიტება. ფაულესი ამტკიცებდა, რომ, გავრცელებული მოსაზრებების საპირისპიროდ, ეკრანული ძალადობა კი არ ასაზრდოებს რეალურს, არამედ ქმნის დაცვით ეფექტს - ან ანაცვლებს მას, ან ამცირებს. ფაულესი ადამიანებს მოუწოდებდა, არ დავიწყებოდათ მთავარი, რომ „სატელევიზიო ძალადობა სიმბოლურია... ჩვენი სიამოვნების გამო არავინ ევნება სინამდვილეში“. ფაულესმა საზოგადოებაში ატეხილ აურზაურს ეკრანული ძალადობის შესახებ და გამო „მორალური პანიკის“ ნაირსახეობა უწოდა (იხილეთ Moral Panic). თუმცა არსებობს არაერთი კვლევა - იმავე მედიის სოციოლოგიის, ფსიქოლოგიისა და ფსიქიატრიის დარგში - რომლებიც ემპირიულ მასალასა და კონკრეტულ, შეტყობინებულ დანაშაულებზე დაყრდნობით ადასტურებენ, რომ ბევრი განსაკუთრებით მძიმე დანაშაული: მკვლელობა, მკვლელობის მცდელობა, სხეულის დაზიანება და ასევე მძიმე ასოციალური ქცევა ჩადენილი იქნა სატელევიზიო ძალადობის გავლენითა და მოძალადე პერსონაჟის ქცევის ყალიბის გამეორების, მიბაძვის სურვილით. ძალადობა ტელეეკრანზე, ამერიკელი ფსიქოლოგისა და ფიზიოლოგის, დეივ გროსმანის აზრით, რეალურისგან განსხვავდება „განმეორებადობით, დესენსიტიზაციითა და ესკალაციით; ეს კი ამცირებს ნორმალური ადამიანის ნებას - არ მოკლას“.

კომენტარები: