ორგანიზაციაw

World Trade Organization (WTO)

WTO – „ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის” საქმიანობა განისაზღვრა 1986-94 წლების მოლაპარაკებებით, რომელსაც ურუგვაის რაუნდებსაც უწოდებენ. WTO-ს მიზანი მსოფლიოში ლიბერალური საერთაშორისო ვაჭრობის სისტემის განვითარებაა. WTO-მ ფუნქციონირება ოფიციალურად ურუგვაის რაუნდის შემდეგ, 1995 წლის 1 იანვრიდან დაიწყო.

WTO ოფიციალურად GATT-ის (General Agreement on Tariffs and Trade – საერთო შეთანხმება ტარიფებისა და ვაჭრობის შესახებ. დაარსდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და თითქმის ნახევარ საუკუნეს იარსება) მემკვიდრედ ითვლება.

დაარსების ორმოცი წლის იუბილესთვის GATT-ს უკვე აღარ შეეძლო თანამედროვე გამოწვევებთან გამკლავება, ამიტომ მისმა წევრმა ქვეყნებმა მოლაპარაკებების გამართვა გადაწყვიტეს, რომლებიც 1986 წელს ურუგვაის ქალაქ პუნტა-დელ-ესტეში გაიმართა (ეს მოლაპარაკებები ცნობილია ”ურუგვაის რაუნდის” სახელით). ეს იყო მსოფლიოში ყველაზე დიდი სავაჭრო შეთანხმება. შეთანხმებები ფორმდებოდა სხვადასხვა სფეროში, განსაკუთრებით - სავაჭრო და ინტელექტუალური საკუთრების დაცვის დარგში; ასევე, იმის თაობაზეც, თუ როგორ განევითარებინათ ვაჭრობა ისეთ მნიშვნელოვან სფეროებში, როგორებიც სოფლის მეურნეობა და ტექსტილის წარმოება იყო. ყველა ის საკითხი, რომელიც GATT-ის ეგიდით ძალაში იყო, მაინც ხელახლა განიხილებოდა. ურუგვაის რაუნდის დამაგვირგვინებელი აქტი მინისტერიალზე, 1994 წლის 15 აპრილს მაროკოს ქალაქ მარაკეშში, WTO-ს რეჟიმზე გადასვლის ოფიციალური განცხადება იყო. ამ აქტს მარაკეშის შეთანხმებასაც უწოდებენ.

GATT დღემდე არსებობს, როგორც WTO-ს დამხმარე ბიურო ვაჭრობის საკითხებში. მისი ამჟამინდელი ფუნქციები 1994 წელს მარაკეშის შეთანხმებით განისაზღვრა და მას ”GATT 1994” ეწოდა. GATT-ის სტატუსი იყო ერთ-ერთი იმ სამოცი შეთანხმებიდან, რომელიც ურუგვაის რაუნდის დროს დაიდო. შეთანხმებები გაერთიანებულია ექვს მთავარ ნაწილში:

1. WTO ს დაარსების შესახებ შეთანხმება;
2. შეთანხმება საქონლის ვაჭრობისა და ინვესტირების შესახებ;
3. სერვისი;
4. ინტელექტუალური საკუთრების დაცვა;
5. დავების მოგვარება (DSU);
6. მთავრობების სავაჭრო პოლიტიკის მიმოხილვა.

WTO-ს მთავარი ფუნქციები მიღწეული შეთანხმების განხორციელების ადმინისტრირებისა და ოპერირების ზედამხედველობაა; მხარეებს შორის საკამათო საკითხების გადასაჭრელად ის ფორუმებსაც აწყობს. WTO-ს მოვალეობებში შედის ასევე მსოფლიო სავაჭრო პოლიტიკის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა გლობალური ეკონომიკური პოლიტიკის მწარმოებლებზე მეთვალყურეობის გზით. WTO ასევე ეკონომიკური კვლევებისა და ანალიზის ცენტრია. იგი ყოველწლიურად აქვეყნებს საკუთარ კვლევებს სხვადასხვა სპეციფიკურ საკითხზე.

WTO-ს გენერალური საბჭო ოთხი ორგანოსგან შედგება, რომლებიც სხვადასხვა სფეროებში კომიტეტებს მეთვალყურეობენ. ესენია: სასაქონლო ვაჭრობის საბჭო, ვაჭრობასთან დაკავშირებული ასპექტებისა და ინტელექტუალური საკუთრების დაცვის საბჭო, სერვისში ვაჭრობის საბჭო, სავაჭრო მოლაპარაკებების კომიტეტი.

ორგანიზაციას 156 წევრი ქვეყანა ჰყავს, 28 ქვეყანას დამკვირვებლის სტატუსი აქვს. საქართველო 2000 წლიდან WTO-ს სრულუფლებიანი წევრია. რუსეთი ორგანიზაციის წევრი 2011 წელს გახდა, მისი ორგანიზაციის წევრობაზე მოლაპარაკებები 1993 წლიდან მიმდინარეობდა, მაგრამ 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომის შემდეგ პროცესი შენელდა. შვეიცარიის მხარის დახმარებით, რომელიც საქართველოსა და რუსეთს შორის შუამავლის როლს ასრულებდა, რუსეთის ფედერაცია ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრი გახდა. მის წევრობას ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატებიც მიესალმებიან და ფიქრობენ, რომ ეს გადაწყვეტილება რუსეთის ეკონომიკას მხოლოდ წაადგება და ის უფრო მეტი უცხოელი ინვესტორის მიზიდვას შესძლებს.

WTO ოფიციალურად 1995 წლის 1 იანვარს შეუდგა საქმიანობას, მისი შტაბბინა შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში, უილიამ რაპარდის ცენტრში მდებარეობს. ოფიციალური სამუშაო ენებია: ინგლისური, ფრანგული და ესპანური. გენერალური დირექტორი პასკალ ლამია. 2011 წლის მონაცემებით, ორგანიზაციის ბიუჯეტი 196 მილიონი შვეიცარიული ფრანკია (დაახლოებით 209 მილიონი აშშ დოლარი) და მას 640 თანამშრომელი ჰყავს.

wto.org

კომენტარები: