ორგანიზაციაy

YouTube

„იუთუბი“ სოციალური ქსელია; ვებგვერდი, რომელიც ჩად ჰერლიმ, სტივ ჩენმა და ჯოუედ კარიმმა (Chad Hurley, Steve Chen, Jawed Karim) 2005 წელს შექმნეს. ვებსაიტი მომხმარებელს საშუალებას აძლევს: გამოაქვეყნოს, დაათვალიეროს, გააზიაროს, კომენტარით გამოეხმაუროს სხვადასხვა სახის ვიდეოჩანაწერს. სამივე დამფუძნებელი მანამდე კომპანია „ფეიფალში“ (PayPal ) მუშაობდა. („ფეიფალი“ უდიდესი ელექტრონული სისტემაა, რომელიც მომხმარებელს გადასახადების გადახდის, შესყიდვების განხორციელების, ფულის გადარიცხვისა და მიღების საშუალებას აძლევს).

კომპანია „იუთუბის“ შტაბბინა სან-ბრუნოში (San Bruno), კალიფორნიაში მდებარეობს. ვებსაიტის მუშაობისთვის იყენებენ Adobe Flash Video-ს და HTML5-ის ტექნოლოგიებს. საიტის მასალას ძირითადად მომხმარებლები ავსებენ - ისინი აქვეყნებენ მუსიკალურ ვიდეოებს, მოკლემეტრაჟიან ვიდეოფილმებს (რომლებიც თავად გადაიღეს), საგანმანათლებლო ვიდეომასალას და სხვა...

მიუხედავად იმისა, რომ საიტზე გამოქვეყნებული ვიდეომასალის უმეტესობა კერძო პირების მიერაა განთავსებული, საიტს საკუთარი ნაწარმის გასავრცელებლად უკვე იყენებენ ისეთი ცნობილი და მსხვილი მედიასაწარმოები, როგორებიც არიან CBS, BBC, VEVO, Hulu და სხვები...

2006 წლის ნოემბერში კომპანია „იუთუბი“ $1.65 მილიარდად შეისყიდა კომპანია „გუგლმა“ და ახლა იგი უკვე „გუგლის“ შვილობილი კომპანიაა.

როგორც ხშირად ჰყვებიან, „იუთუბის“ შექმნის იდეა ჰარლის და ჩენს 2005 წლის დასაწყისში გაუჩნდათ. მათ უნდოდათ, ინტერნეტში სან-ფრანცისკოში, ჩენის ბინაში წვეულებაზე გადაღებული ვიდეოჩანაწერები აეტვირთათ, მაგრამ პრობლემები შეექმნათ და ამიტომ ამ მიზნისთვის მორგებული, სპეციალური ინტერნეტპლატფორმის შექმნა გადაწყვიტეს. კარიმი ამ ლეგენდას არ ადასტურებს, ხოლო ჩენმა მოგვიანებით განაცხადა, რომ მითი კორპორაციის ასეთი დაფუძნების შესახებ მარკეტინგული სვლა იყო.

პირველი ვიდეო, „მე ზოოპარკში“, იუთუბზე 2005 წლის აპრილში აიტვირთა. ამ ვიდეორგოლში იუთუბის დამფუძნებელი კარიმია გადაღებული. ვიდეოს ნახვა დღესაც შეუძლია ნებისმიერ დამთვალიერებელს.

“იუთუბის“ დამფუძნებლები თავიანთ მისიას ასე აღწერენ: „“იუთუბი“ 2005 წლის თებერვალში დაფუძნდა და მან მილიარდობით ადამიანს ორიგინალური ვიდეომასალის აღმოჩენის, ყურებისა და გაზიარების საშუალება მისცა. „იუთუბი“ ფორუმია, რომელიც ხალხს ერთმანეთთან აკავშირებს, მათ ინფორმაციას აწვდის. ის მსოფლიოს ყველა მოქალაქისთვის შთაგონების წყარო შეიძლება გახდეს.“ იუთუბი“ გლობალური სადისტრიბუციო პლატფორმაა ორიგინალური მასალის შემქმნელებისთვის; დიდი და პატარა სარეკლამო სამსახურებისთვის“.

„იუთუბზე“ მოქმედებს ვიდეომასალის განთავსების შემდეგი წესები:

  • არ შეიძლება პორნოგრაფიული და ღიად სექსუალური მასალის განთავსება;
  • იკრძალება ისეთი ვიდეომასალის განთავსებაც, სადაც აღბეჭდილია ცხოველთა წამების, ბავშვთა ექსპლუატაციის, ნარკოტიკების გამოყენების, ასაფეთქებელი მოწყობილობების დამზადების; ზოგადად, წამებისა და ძალადობის ამსახველი ვიდეომასალის გამოქვეყნება;
  • არ ქვეყნდება შოკის ან ზიზღისმომგვრელი ვიდეომასალა;
  • მკაცრად მოითხოვება საავტორო უფლებების პატივისცემა;
  • „იუთუბი“ მხარს უჭერს გამოხატვის თავისუფლებას, მაგრამ კატეგორიულად კრძალავს ვებსაიტზე სიძულვილის ენის გამოყენებას; ეთნიკური, რელიგიური, გენდერული, რასობრივი, ასაკობრივი და სხვა ნიშნით ადამიანთა ღირსების შემლახავი ვიდეომასალის განთავსებას;
  • იუთუბზე დაუშვებელია მუქარის, თვალთვალის, დაშინების, დევნის, პირადი სივრცის შელახვის ამსახველი კადრების გამოქვეყნება.

იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი „იუთუბის“ მიერ დაწესებულ წესებს არღვევს, მისი ექაუნთი „იუთუბზე“ სამუდამოდ უქმდება.

„გთხოვთ, სერიოზულად მოეკიდოთ ამ წესებს“ - მიმართავს „იუთუბი“ თავის მომხმარებელს, - „გაიზიარეთ ეს წესები და პატივი ეცით საიტის სულისკვეთებას“.

youtube.com

კომენტარები: